განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ზოგადი, არაფორმალური და სკოლამდელი განათლების მიმართულებით არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, სკოლების ავტორიზაციასა და არსებული სისტემის გამოწვევებზე იმსჯელეს.

ამასთან, იმსჯელეს რეფორმაზე მორგებულ სასკოლო სახელმძღვანელოებზე, მშობლების ჩართულობაზე, ციფრულ რესურსებზე, მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერის სისტემასა და სასკოლო კულტურის განვითარებაზე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეებს სამინისტროს 2022-2032 წლების სტრატეგია გააცნო და ზოგადი განათლების რეფორმასა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომლის მიზნებია თანაბარი ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლება, გამართული მმართველობა.

დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებსა და რეკომენდაციებზე.

შემაჯამებელ სიტყვაში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება თანამედროვე საზოგადოების განვითარების პროცესში.

„ჩვენ უნდა დავინახოთ განათლება ეკოსისტემაში. ამაში ვგულისხმობთ მთლიანად საზოგადოების განათლებას. საზოგადოება ერთიანდება სკოლის გარშემო, რადგან ადგილობრივ საზოგადოებას სწორედ სკოლა ავითარებს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი შეხვედრა კაჭრეთში ტარდება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი