ეკა ბესელია - კონსტიტუციურობის ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და არა, ანრი ოხანაშვილი ან სხვა
დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ სწორედ კონსტიტუციურობის პრინციპის დაცვას ემსახურება.
როგორც მან განაცხადა, ახლა ყველა კონსტიტუციურ პრინციპს ამოეფარა.
„კონსტიტუციური პრინციპის დაცვა არის მთავარი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სამართლიანობა მიიღონ და საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება ჰქონდეთ. ამას ემსახურება ჩვენი მიზანი. კანონი იკითხება არამხოლოდ სიტყვა-სიტყვით, არამედ იკითხება ძალიან ბევრი ლოგიკური და ისტორიული ბმით. ამიტომ ვფიქრობ, ვისაც უჭირს დამალოს თავისი სიმპატია იუსტიციის საბჭოს მიმართ, ისინი საბაბს ეძებენ, თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ცვლილება“, – აცხადებს ეკა ბესელია.
მისი განმარტებით, კონსტიტუციურობის ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს და არა მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ან ვინმე სხვა.
ბესელიას თქმით, ის სამართლებრივ პრობლემას ვერ ხედავს და პროცესი პოლიტიკურია.
„როდესაც მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას, ამ მოცემულობის წინაშე უმრავლესობის წევრები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. შეიძლება, ვინმეს უნდოდეს კიდეც მხარდაჭერა და გუნდის წინააღმდეგ წასვლა დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდეს“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებელი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელსაც, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.