ცხრა დეპუტატი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვს
ცხრა დეპუტატი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა, რომელსაც ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

ბესელიას განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა წარდგენილი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეაჩეროს.

„ინიციატივა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებას, რომლის გათვალისწინებით, 2025 წლამდე შესაძლებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშვნა არ გამოიყენოს და მოსამართლეთა დანიშვნა გამოსაცდელი ვადით მოხდეს. ინიციატივა ეფუძნება როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ასევე საქართველოს კონსტიტუციას.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა უნდა ჩატარდეს და ამის საფუძველზე უნდა მოხდეს ახალი მოსამართლების შერჩევა. დროებით უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნა და უნდა დავიწყოთ მუშაობა ორგანულ კანონზე, რითაც მოხდება ღიად დარჩენილი საკითხების გადაწყვეტა.

სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს ნორმები იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც პირველად არ ინიშნებიან და გამოსაცდელი ვადა გაუვიდათ. ინიციატივას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს და მოსამართლეთა უვადო დანიშვნა არ მოხდეს. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაზეც საუბარი უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა“, – განაცხადა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი