ეკა ბესელია - უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვას ჩქარობენ, რადგან ჩვენი პროექტი ჩააგდონ
ეკა ბესელია - უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვას ჩქარობენ, რადგან ჩვენი პროექტი ჩააგდონ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვას ჩქარობენ, რადგან ჩვენი პროექტი ჩააგდონ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

„არასდროს შაბათს სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა აქ არის მეორე ძალიან მზაკვრული გეგმა და რისი მონაწილეც არ ვიქნებოდი, რა თქმა უნდა, მე. ესენი რომ მოიფიქრებენ, ის მე კარგა ხნის წინ მაქვს ნანახი და გავლილი. ძალიან სწრაფად უნდოდათ მოშორება ამ კანონპროექტის, რომ ამ კვირაში ორივე პროექტი უცბად გამოეტანათ, ჩვენი პროექტი ჩააგდონ, მოიშორონ თავიდან თავის ტკივილი და ამიტომ დანიშნეს შაბათს.

რატომ დანიშნა მეოთხე დღეს, რადგან კიდევ ხუთი კვირაა საკითხის განსახილველად. სად ეჩქარებოდა ოხანაშვილს? უთხრეს, რომ ჩქარა უნდა მოიშოროს ბესელიას და კიდევ 12 დეპუტატის კანონპროექტი, რომელიც თავის ტკივილია? ეს თავის ტკივილი ცოტა დიდხანს გაუგრძელდებათ“,- განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.

რაც შეეხება ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს, კანდიდატების დასახელება კი საჯაროდ.

ასევე პროექტით კონკრეტდება, რომ მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ან ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის ერთი წელი.

ასევე ეკა ბესელია დამატებით კრიტერიუმებად განსაზღვრავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის, მოსამართლეობის კანდიდატი იყო თუ არა იმ საქმის მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების მიმართ. ასევე, ცვლილებებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება უნდა მოხდეს.