ეკა ბესელია - ახალი ფრაქციების შექმნით დეპუტატები პოლიტიკურ პროცესში მეტად ჩაერთვებიან
ორი ახალი ფრაქციის შექმნის გადაწყვეტილება უმრავლესობის შიგნით მომწიფდა და, ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება“ რაოდენობრივად ძალიან დიდია, ამიტომ ბესელია მიიჩნევს, რომ ახალი ფრაქციების შექმნით პოლიტიკური პროცესი მეტად მოქნილი გახდება.
„მართვის თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკურ პროცესში ყველა წევრის მეტი ჩართულობისა და მათთვის მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის, ვფიქრობ, გაცილებით მოქნილი იქნება დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნა. ეს ისეთ დიდ ფრაქციას, როგორიც არის “ქართული ოცნება”, საშუალებას მისცემს, დეპუტატებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მეტი შესაძლებლობა შეუქმნას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, როგორ განაწილდებიან დეპუტატები ფრაქციებში, სამუშაო პროცესში გახდება ცნობილი.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, უმრავლესობა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო კონსულტაციას უახლოეს მომავალში პრემიერთან გამართავს.
ამ დროისთვის, ახალი ფრაქციების შესაძლო კანდიდატები მედიასთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ფრაქცია შეიქმნება. პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რვა ფრაქცია ჩამოყალიბდება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, უმრავლესობაში ექვსი ფრაქციაა და დამატებითი ფრაქციების შექმნა უკეთესი მენეჯმენტისთვის და კოორდინირებისთვის ხდება.