ეკა ბესელია - მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მხოლოდ რამდენიმე საკითხი ზუსტდება.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, დიდი ხანია, რეფორმის მეოთხე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და კონსენსუსის მიღწევა კარგი შედეგი იქნება.
„დღევანდელ შეხვედრაზე შეგვიძლია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე საბოლოოდ შევჯერდეთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის იუსტიციის საბჭოს სკოლისა და ინსპექტორის საკითხი, ანუ, პროცედურული საკითხები. პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების სახით რაც მივიღეთ, სამუშაო ჯგუფს გადმოეგზავნება და გადაწყვეტილების მიღება ერთიანად მოხდება”, – განაცხადა ბესელიამ.
სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე მსჯელობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.