ეკა ბესელია - მიმაჩნია, რომ წარდგენილი უნდა იყოს მოსამართლეთა გრძელი სია და პარლამენტმა შეასრულოს მთავარი შემრჩევის როლი
ეკა ბესელია - მიმაჩნია, რომ წარდგენილი უნდა იყოს მოსამართლეთა გრძელი სია და პარლამენტმა შეასრულოს მთავარი შემრჩევის როლი

მიმაჩნია, რომ წარდგენილი უნდა იყოს მოსამართლეთა გრძელი სია და პარლამენტმა შეასრულოს მთავარი შემრჩევის როლი, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭო, რომელსაც დღეს არ აქვს სანდოობა, არ უნდა იყოს ბარიერის შემქმნელი და მხოლოდ ის კონსტიტუციური როლი უნდა შეასრულოს, რაც აკისრია.

„მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ერთი საერთო ხედვა, რაც შეესაბამება ბევრი ჯგუფის, მათ შორის იურიდიული ჯგუფების, ადვოკატებისა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას. ის ვერსია, რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, არის განსხვავებული, ამიტომ საბოლოო გადაწვეტილება ვერ იქნა მიღებული. რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე სამუშაო პროცესი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პრინციპი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოექცეს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და ყველას ძალიან კარგად ესმის. მაგრამ ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, რადგან არსებობს ორი განსხვავებული ხედვა.

ჩემს ხედვას იზიარებს ბევრი ადამიანი. ეს არის მოსამართლეთა გრძელი სიის წარმოდგენა. პარლამენტმა მთავარი გადაწყვეტილების მიმღებისა და შემრჩევის როლი უნდა შეასრულოს. პარლამენტი უნდა იყოს ის ორგანო, სადაც მიხდება დიდი სიის განხილვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რათა დავაზღვიოთ პროცესი. იუსტიციის საბჭო, რომელსაც დღეს არ აქვს სანდოობა, არ უნდა იყოს რეალურად ბარიერის შემქმნელი მხოლოდ ის კონსტიტუციური როლი შეასრულოს, რაც აკისრია“, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხს, როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ეს საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა.

„პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე დღეს საწინააღმდეგო პოზიცია არავისგან მომისმენია. ამ პროცედურასა და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რათა კონსტიტუციიდან გამომდინარე, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიმუშავებთ პროცედურებზე, რომლითაც უნდა გაიმართოს, როგორ მოხდება ვადით მოსამართლეების გამწესება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოზეც სასაუბროა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.