ეკა ბესელია - 7 ნოემბერს აქვს უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი და მათ შორის მორალური დატვირთვაც
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, 7 ნოემბერს აქვს უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი და მათ შორის მორალური დატვირთვა.
მისი თქმით, ეს არის ის დღე, როდესაც ყოველთვის, ყველა ხელისუფალს უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, რეპრესიები და სისასტიკე არასდროს მთავრდება კარგად და ყოველთვის რჩება, როგორც უპატიებელი დანაშაული.
„7 ნოემბერი არის ჩვენს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სასტიკი ანგარიშსწორების დღე, როდესაც ყველაზე მძიმე გამოვლინება მიიღო ხელისუფლების ძალადობამ საკუთარ მოქალაქეებზე. ყველა დარბევის დროს ვიყავი როგორც რუსთაველზე, ისე რიყეზე და არასდროს დამავიწყდება ის უმძიმესი კადრები, როდესაც გაცემული იყო დავალება, სასტიკად გასწორებოდნენ საკუთარ მოქალაქეებს.
ეს არის ის დღე, როდესაც ყოველთვის, ყველა ხელისუფალს უნდა ახსოვდეს, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, რეპრესიები და სისასტიკე არასდროს მთავრდება კარგად და ყოველთვის რჩება, როგორც უპატიებელი დანაშაული. ამისთვის, სამართლებრივი პროცედურებიც გრძელდება, მაგრამ ეს ერთი მხარეა, რაც მნიშვნელოვანი იყო სამართლიანობის აღდგენის კუთხით. მეორეა ამ ყველაფრის პოლიტიკური ფასი, როდესაც მოსახლეობამ მაშინდელ რეჟიმს ეს არ აპატია. ამიტომ, 7 ნოემბერს აქვს უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი და მათ შორის მორალური დატვირთვაც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 10 წელი შესრულდა.