ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
კერძოდ, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ დაკავებული სამი წარმომადგენელი, რომლებმაც პოზიცია შეცვალეს და ბრალი აღიარეს, ექვსთვიან პატიმრობას, დანარჩენ პირობით მსჯავრს და 5 ათასლარიან ჯარიმას თანხმდებიან. ეს ინფორმაცია პირველ არხთან საუბრისას არც უარყო და არც დაადასტურა დაკავებულების ადვოკატმა.
თამარ აბესაძემ განმარტა, რომ შემდეგი პროცესი 22 თებერვალს 14:00 საათზეა ჩანიშნული და დეტალებზე იქ ისაუბრებს.
გასული წლის დეკემბერში ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” წარმომადგენელი ხუთი პირი დააკავეს.
მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით (კომერციული მოსყიდვა).
ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები, რომლებმაც ბრალი თავიდანვე აღიარეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ხოლო მსაჯ ზაზა მაჩალაძეს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს – პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.
ბრალდების მიხედვით, საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშის ჩაწყობაზე.