ადვოკატი - ე.წ. ჩაწყობილ თამაშებში  შესაძლოა, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები
ადვოკატი - ე.წ. ჩაწყობილ თამაშებში შესაძლოა, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების, ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ უკანონო გარიგებებში კალათბურთის გარდა, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

“ვინც ფიგურირებს ამ საქმეში, სავარაუდოდ ისინი იყვნენ ჩართულები პროცესში, დადასტურება უფრო მეტად არ შემიძლია. არ მინდა დავარღვიო სხვა ადამიანების, თუნდაც დღეს ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა თქვეს, რომ თამაშებთან დაკავშირებით მოხდა უკანონო გარიგება, კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები ფიგურირებენ, გამოძიების ფარგლებში სხვა სფეროს წარმომადგენლები არ გამიგია, თუმცა შეიძლება სხვა სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ, რადგან აქ ხომ კალათბურთი დაკავშირებულია გარკვეულწილად ტოტალიზატორთან. ვიღაც შეიძლება სხვაც იყო, აბა თანხა საიდან მოდიოდა? გუნდს, რომელსაც არ გააჩნია იმის თანხა, რომ ხელფასი გადაუხადოს თავის მოთამაშეს, ის რა თამაშს იყიდის? ეს არის ჩემი მოსაზრება და არა ბერიშვილების განცხადება”,- აღნიშნა ადვოკატმა იასონ ბესელიამ.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ მსაჯებსა და მწვრთნელებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ე.წ მოდულის შენობაში ბრალის წარდგენის პროცედურა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდების მიხედვით, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს ზაზა მაჩალაძეს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასადა ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს გამოძიება ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება.