ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ მსაჯებსა და მწვრთნელებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ე.წ მოდულის შენობაში ბრალის წარდგენის პროცედურა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდების მიხედვით, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს ზაზა მაჩალაძეს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს გამოძიება ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება.

საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშსა და 36 ათას ლარზე, თუმცა მსაჯ ზაზა მაჩალაძის ადვოკატის განცხადებით, მაჩალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატ შოთა მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ადვოკატი ასევე ფიქრობს, რომ მსაჯი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა საკალათბურთო თამაშის საბოლოო შედეგზე.

ბრალს არ აღიარებს არც საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი და თანადამფუძნებელი. ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ეს იყო პროვოცირებული დანაშაული, თუმცა ვის მიერ, ეს საქმის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ გამოჩნდება.

რა პოზიცია ექნებათ ადვოკატებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, ეს ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ადვოკატების ნაწილი მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენოს.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხუთი პირი 22 დეკემბერს დააკავეს.