ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება

ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს იზიარებს, თუმცა ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება.

„მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა, დაცვის მხარე უდავოდ ვაცხადებთ და ეს პოზიცია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებთან გვაქვს შეთანხმებული, მაგრამ სადავოდ ვხდით ბრალდების შესახებ დადგენილებას, ვინაიდან არ ვეთანხმებით ბრალის ფორმულირებას, რადგან საქმის მოცემულობა არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე ქმედება“, – განაცხადა თამარ აბესაძემ.

პროცესზე, შესაძლოა, ბრალდებულებს საშუალება მიეცეთ, სასამართლოს სიტყვით მიმართონ.

2017 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ მსაჯებს ირაკლი და დავით ბერიშვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ხოლო მსაჯ ზაზა მაჩალაძეს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს – პატიმრობა.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება, რაც ოთხიდან ექვს  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხუთი პირი 22 დეკემბერს დააკავეს.