ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დღეს 18:00 საათზე გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

საგამოძიებო უწყებამ სასამართლოში მიმართვა უკვე გადაგზავნა. ჯერ უცნობია პროკურატურის პოზიცია, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს თითოეული ბრალდებულის მიმართ.

ბრალდებულ ირაკლი და დავით ბერიშვილიების ადვოკატი აპირებს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს. ადვოკატს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების იმედი აქვს, რადგან მისი განცხადებით, ბერიშვილები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და წარგდენილ ბრალდებას აღიარებენ.

რაც შეეხება სვა დაკავებულებს, ზაზა მაჩალაძის ადვოკატს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის თავის დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

ბრალი, რომელიც დაკავებულებს დღეს ოფიციალურად წარედგინათ, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხუთი პირი 22 დეკემბერს დააკავეს.