ადვოკატის ინფორმაციით, ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს
ადვოკატის ინფორმაციით, ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულების ვაჟა კვარაცხელიასა და  თემურ დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას მოითხოვს და ამის არგუმენტად მიმალვის საფრთხის დასახელებას აპირებს. ადვოკატის თქმით, ამის საშიშროება არ არსებობს, ამიტომ დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

“მოვითხოვთ, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შევთავაზოთ გირაოს გამოყენება”, – განაცხადა თამარ აბესაძემ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გირაოს საკითხი დაკავებულებთან ჯერ არ შეუთანხმებია.

საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების, ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით კი, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნეს, ამიტომ პროკურატურა მათ მიმართ 10 000 ლარიან გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, ის სხდომაზე გირაოს ოდენობის შემცირებას მოითხოვს.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ მსაჯებსა და მწვრთნელებს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს.

ბრალდების მიხედვით, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს ზაზა მაჩალაძეს, ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასადა ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს გამოძიება ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება.