ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული პირები ბრალის აღიარებას გეგმავენ
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული პირები ბრალის აღიარებას გეგმავენ

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებული საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ დაკავებული სამი წარმომადგენელი, რომლებიც ამ დრომდე ბრალს არ აღიარებდნენ, პოზიციას ცვლიან.

როგორც პირველ არხს საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანადამფუძნებლის თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, დღეს, 14:00 საათზე ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებებს უდავოდ სცნობს.

როგორც ცნობილია, იგივე პოზიცია აქვს მსაჯს, ზაზა მაჩალიძეს.

შეკითხვაზე, აღიარებენ თუ არა დაკავებულები წარდგენილ ბრალს და ნიშნავს თუ არა მტკიცებულებების უდავოდ ცნობა ამას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმებიან, თუმცა საბრალდებო მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

„მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით (კომერციული მოსყიდვა), თუმცა მიგვაჩნია, რომ მუხლი არასწორად არის წარდგენილი და უნდა იყოს 203-ე მუხლი (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა). აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ბრალდების გადაკვალიფიცირებას“, – განაცხადა თამარ აბესაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე, ადვოკატები მოითხოვენ, დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული კვარაცხელია, მაჩალაძე და დათიკაშვილი აქამდე ბრალს არ აღიარებდენ და აცხადებენ, რომ თამაშები არ იყიდება.

მათ გარდა, ამ საქმეზე ბრალდებულები არიან მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები, რომლებმაც ბრალი აღიარეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ხოლო მსაჯ ზაზა მაჩალაძეს, საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიასა და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს – პატიმრობა.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.

ბრალდების მიხედვით, საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშის ჩაწყობაზე.