ამ დრომდე უცნობია, როდის გამართავს პრესკონფერენციას ლევან ყიფიანი და რა ჩვენება მისცა მან პროკურატურას 
ამ დრომდე უცნობია, როდის გამართავს პრესკონფერენციას ლევან ყიფიანი და რა ჩვენება მისცა მან პროკურატურას 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „ომეგა ჯგუფის“ ყოფილი კონსულტანტის, ლევან ყიფიანის დღეისთვის დაანონსებული პრესკონფერენცია აღარ გაიმართება.

როგორც პირველ არხს ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, პრესკონფერენცია მას შემდეგ ჩატარდება, რაც „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მომზადდება.

ადვოკატი სხვა დეტალებზე არ საუბრობს, შესაბამისად, უცნობი რჩება, პროკურატურაში რა  ჩვენება მისცა ლევან ყიფიანმა.

გუშინ, გვიან ღამით თბილისის პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ყიფიანს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ დღეისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებდა, თუმცა პრესკონფერენცია გადაიდო.

ყიფიანი პროკურატურაში მეორედ დაიბარეს და გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა მხოლოდ ის თქვა, რომ ლევან ყიფიანს დამატებითი კითხვები დაუსვეს. „ომეგა ჯგუფის“ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ჩვენების შინაარსზე არ უსაუბრია.