შალვა ხაჭაპურიძე - სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებაზე თავად სააკაშვილი და ოჯახის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას
შალვა ხაჭაპურიძე - სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებაზე თავად სააკაშვილი და ოჯახის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაასაჩივრებენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე უარის გადაწყვეტილებას.

ხაჭაპურიძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ მხარე არ მიიწვია სასამართლო სხდომაზე, იმ დროს, როცა უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა როგორც ქართველი მოსახლეობის, ისე საზღვარგარეთ პოლიტიკური წრეების მხრიდან.

„ახალი და გასაკვირი არაფერი მომხდარა, ვინაიდან, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სასამართლო სისტემა, ფაქტობრივად, არ აქვს, ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ. ეს აღარ საჩივრდება უზენაეს სასამართლოში, ბოლო ინსტანციაა. ამის შემდეგ მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს თუ რა ღონისძიებებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები. საზოგადოებას ამის შესახებ უახლოეს დღეებში ვაცნობებთ“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე შედგა. როგორც სააპელაციო სასამართლოში აცხადებენ, არ არსებობდა სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, წინა ინსტანციის განჩინება უცვლელი დარჩა.