მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე შედგა. როგორც სააპელაციო სასამართლოში აცხადებენ, არ არსებობდა სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, წინა ინსტანციის განჩინება უცვლელი დარჩა.

„2023 წლის 2  მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის განხილვა, სადაც მსჯავრდებულის ადვოკატები ითხოვდნენ ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით, საჩივარში ასევე უთითებდნენ განაჩენის აღსრულების გადავადებას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების შალვა ხაჭაპურიძის, ზურაბ ვანიშვილისა და ვალერიან გელბახიანის სააპელაციო საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მასალების/ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება“, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.