შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია
შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით სააკაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მისივე თქმით, როდესაც რაიმე გახდება ცნობილი, საზოგადოებას შეატყობინებს.

„ორი დღის წინ ვნახე და სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩემი კონტრაქტორი მხარე არის  მიხეილ სააკაშვილი და მას ამასთან დაკავშირებით ჩემთვის რაიმე დავალება ჯერ არ მოუცია. ჩემთვის ცნობილი როცა გახდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. საქმე დამთავრდა საქართველოში, ყველა ასე აცხადებს – იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძეს კითხვით მიმართეს, რატომ ვერ ჩამოდიან სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები.

„იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, შემოიყვანონ უცხოელი ექიმები. ამ დროს ესენი არ არიან სააკაშვილის მიერ მოწვეული ექიმები, სხვა ფორმატია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 27 სახელმწიფოს დემარშის შემდეგ და უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის. სააკაშვილის მხარე არაფერ შუაშია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა უცხოელი ექიმების ჩამოსვლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხაჭაპურიძემ განაცხადა:

„არა, უბრალოდ, ალბათ უფრო დამაჯერებელი გახდება. ხომ ხედავთ, ვინც არ უნდა გააკეთოს განცხადება, კლინიკა „ვივამედისთვის“ და პენიტენციური სამსახურისთვის ყველაფერი დაუჯერებელია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.