შალვა ხაჭაპურიძე - „ვივამედის“ განცხადება სააკაშვილისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მით უმეტეს, თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს
შალვა ხაჭაპურიძე - „ვივამედის“ განცხადება სააკაშვილისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მით უმეტეს, თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის კლინიკა „ვივამედის“ განცხადება მოულოდნელი იყო.

ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აქედან გამომდინარე, კლინიკის განცხადება გაუგებარია.

„ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი, გაუგებარი იყო. მით უმეტეს, თქვა, რომ ის არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს. მკურნალობის თუ რამე შემოთავაზება ჰქონდა, ყველაფერზე თანხმდება. ახლა დამატებით მოვითხოვე ავადმყოფობის ისტორია, მაგრამ აღარ გვიშვებენ ადვოკატებს ადმინისტრაციაში. უფრო მეტიც, ორი კვირის წინ მოთხოვნილი ავადმყოფობის ისტორიის გაცემაზე უარს აცხადებს დავარიშვილი და ამბობს, როცა გაწერენ სააკაშვილს, მაშინ გავამზადებო. დაცვამ არაფერი იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილმა თქვა, რომ თუ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ, იქ მოხდა მისი წამება, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, თუ ციხეში გადაიყვანენ, იქ კიდევ უარესი იყო. აქვს მოლოდინი (გადაყვანის), თქვა, რომ არაფერია გამორიცხული ამათგან, მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში ვარო“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, არაა გამორიცხული არც გლდანის და არც რუსთავის დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანა.

„ვერცერთს გამოვრიცხავ. ეს განცხადება იყო სრულიად მოულოდნელი, წარმოუდგენელი. ერთ-ერთ ექთანს ვესაუბრე, თვითონაც გაკვირვებული არიან, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანის სადმე გადაყვანა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძე.

ხაჭაპურიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კლინიკისგან პაციენტის ისტორიას ვერ იღებენ.

„წინა ავადმყოფობის ისტორიაში არ არსებობს არცერთი ჩანაწერიც კი თავად „ვივამედის“ მიერ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს რაიმე მკურნალობაზე. მეორე – თითქმის ერთი თვეა, არანაირი განცხადება არ გაგვიკეთებია არც „ვივამედის“, არც პენიტენციურის მიმართ. თავად დაიწყეს სახელისუფლო ტელევიზიებმა, გუშინ ატეხეს ერთი ამბავი. ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ „ვივამედმა“ გააკეთა ეს განცხადება. ერთი თვეა ვმუშაობთ, ვაპირებთ საერთაშორისო დონეზე ამ საკითხების გატანას, ავადმყოფობის ისტორიებს ვსწავლობთ და ვაანალიზებთ, არც გაგვილანძღია ეს ხალხი, არც საყვედური გვითქვამს, თუმცა სასაყვედურო ბევრია და რადგან ცეცხლის ხაზი გახსნეს, დღეიდან ვუსაყვედურებთ. სად არის ავადმყოფობის ისტორია, რომელიც მოვითხოვეთ დაახლოებით სამი კვირის წინ? რატომ არ უშვებენ ადვოკატებს ადმინისტრაციაში, რომ მოვითხოვოთ ეს დოკუმენტი, რატომ არ უტარდება სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა და, საერთოდ, რატომაა სააკაშვილი იმნაირ კლინიკაში, სადაც დემენციით მკურნალობა შეუძლებელია? არ აქვთ მათ ფსიქიატრიულის ლიცენზია, რატომაა ეს ყველაფერი დარღვეული და სააკაშვილს „ვივამედში“ რატომ აწამებენ?“ – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, კლინიკა „ვივამედის“ და კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებების არ სჯერა.

„მთელი ამ წლის განმავლობაში, რაც აქ იმყოფება, ტყუილებს წერენ. რატომ უნდა დავიჯერო? სააკაშვილს რომ ვკითხე, რასაც მაძლევენ, ყველაფერს ვიღებო. სააკაშვილის მჯერა, ჩხაიძის – არა. დედას რატომ ატანინებენ (საკვებს), მოგებული აქვს კლინიკას ტენდერი და უზრუნველყონ კვებით. მე ვიცი, რომ ტენდერი აქვს მოგებული და სააკაშვილი თუ არ მიიღებს ამ საკვებს, შეუძლიათ გადაღვარონ. ყველა პატიმარს როგორც ეძლევა, ისე უნდა მიეწოდოს. რაც დანიშნული აქვს, ყველაფერს იღებს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს მიმართავს, სააკაშვილის საკითხით დაინტერესდეს.

„სახალხო დამცველი ჩაერთოს, მან აიღო პარლამენტიდან ვალდებულება, რომ დაიცავდა ადამიანების და პატიმრების უფლებებს, კეთილი ინებოს. იმ ფაშისტური განცხადების შემდეგ, რაც გააკეთა „ვივამედმა“, კრასნოდარელმა ექიმმა ჩხაიძემ, მობრძანდეს. სხვათა შორის, ექიმი, რომელიც დაუნიშნეს სააკაშვილს, მასაც კრასნოდარის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, კრასნოდარმა წალეკა აქაურობა. მოვიდეს და გაარკვიოს რა ხდება ამ პატიმართან დაკავშირებით, მისი ვალდებულებაა და ვალდებულება შეასრულოს. კონსილიუმის შესვლასაც ვითხოვთ, განცხადებით უნდა მივმართოთ, რომ კონსილიუმი სასწრაფოდ შევიდეს. ავადმყოფობის ისტორიას გვიმალავენ, არ გვაძლევენ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ალყადარტყმულია სააკაშვილი, რომ ვერ მივიღოთ ინფორმაცია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგში სარჩელის შეტანას, ხაჭაპურიძის განცხადებით, რამდენიმე დღეში გაირკვევა და ცნობილი გახდება პოზიცია. „დღეს არანაირი გაგზავნა არ მოხდება“, – დასძინა შალვა ხაჭაპურიძემ.

„ვივამედმა“ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, კლინიკის განმარტებით, ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.