შალვა ხაჭაპურიძე - სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ გადაწყვეტს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში
შალვა ხაჭაპურიძე - სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ გადაწყვეტს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში

სტრასბურგის საჩივრის მომზადებაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს, თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.

„ავიღე სააკაშვილის ავადმყოფობის მთელი თებერვლის ისტორია და მარტის თვისა, როგორც მითხრეს, ორშაბათს ან სამშაბათს გადმომეცემა. ავადმყოფობის ისტორია გვჭირდება, რათა მონიტორინგი განვახორციელოთ, როგორია მისი ჯანმრთელობა, ანუ ექსპერტებს რომ გადავცეთ. ვნახოთ, ისინი შეაფასებენ, რა მკურნალობა უტარდება და იქნება თუ არა ჩასატარებელი რაიმე დამატებითი კვლევები. მე არ ვამზადებ სტრასბურგის საჩივარს. როგორც ვიცი, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს და მაცნობებს, დამერწმუნეთ, რამდენიმე საათში დოკუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „ვივამედთან“ დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

„ჩემ მიერ შეტანილი იქნა საჩივარი. გახსოვთ, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა ჩაატარეს პრესკონფერენციები, რომელზეც ენდოკრინოლოგმა, გახარებული რომ დადის სულ, თითქოს დეფილეზე იყოს, გააჟღერა სააკაშვილის პირადი მონაცემები. ამ ფაქტთან და კიდევ სხვა სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით მივმართეთ რეგულირების სააგენტოს და მოგვივიდა პასუხი, რომ დაიწყო მოკვლევა, გამოთხოვილ იქნა კონკრეტული დოკუმენტაცია.

გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, რომელთა გაჟღერებისგან თავს ვიკავებ, კონფიდენციალურია. საკითხის ისე გაჟღერება, რომ სტრასბურგში ვაგზავნით-არ ვაგზავნით, არ შეიძლება. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაკვირდები, ვინც ასე აქტიურობს, სტრასბურგის გადაწყვეტილება შორიდან თუ აქვთ დანახული. წაკითხული რომ არ აქვთ, ეგ დანამდვილებით ვიცი, მათ შორის იურისტებზე ვსაუბრობ, რადგან ადვოკატები რომ იყვნენ, დიდი წერა-კითხვით მაშინაც არ გამოირჩეოდნენ. ძალიან ბევრს შორიდანაც არ აქვთ დანახული, ზოგიერთს – კი ბატონო. ეს დაცვის სტრატეგიაა, იცის, როდის როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. პირველი საქმე არაა, რომელიც მოგებული გვაქვს სტრასბურგში. სააკაშვილი თუ ჩათვლის საჭიროდ, იმ წამიდან დავიწყებთ მოქმედებას.

სამედიცინო ისტორია მჭირდება, რომ ამის შემდეგ შევიტანო საჩივარი პროკურატურაში და მოვითხოვო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ურთქმელიძეზე და ა.შ. მთელი რიგი საკითხებისთვის მჭირდება. ხედავთ, რომ ურთქმელოძე აკეთებს განცხადებებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს. ეს არის სიცრუე, ზეწოლა პატიმარზე და მისი მხრიდან იკვეთება სხვა ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულები. მაგალითად, როგორიც არის დოკუმენტების გაყალბება, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა და ა.შ. ვაგროვებ მტკიცებულებებს, რათა, თუ დავინახავ, რომ არის დანაშაულის ნიშნები, მივმართო პროკურატურას ან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ეს ამას ემსახურება. მე ეს დოკუმენტაცია ამისთვის მჭირდება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.