შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა
შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე თხოვნა ჰქონდა, მათ შორის ერთ-ერთი კლინიკა „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.

საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ვივამედმა“ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, კლინიკის განმარტებით, ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

„შევხვდი სახალხო დამცველის წარმომადგენელს. ჩვენი თხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შეხვდეს „ვივამედს“, რისგან გამომდინარე გაკეთდა ეს განცხადება. ვაცნობეთ, რომ „ვივამედი“ არ გვაძლევს ავადმყოფობის ისტორიებს, ვართ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. გარდა ამისა, სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ, როგორია მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ვიზუალურად რაც ვნახე, მდგომარეობა დამძიმებულია. მითხრეს, რომ ჯგუფი მუშაობს, ჯგუფი შეიკრიბება და დღეს ან ხვალ გეცნობება პასუხიო. აპირებენ, გაარკვიონ, რისგან გამომდინარე იყო ეს განცხადება, რადგან რაღაც დოკუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა სააკაშვილის საქმე პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

„ვთხოვე, სახალხო დამცველმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. სასწრაფოდ შევიდეს კომისია და ნახოს, როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ იძლევიან ავადმყოფობის ისტორიებს და ჩვენ არ ვიცით, რა წერია. ასე ცალმხრივად ერთ კარში თამაში მართალი არ არის, რაც უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

კითხვას, „როგორ შეაფასებთ მკურნალი ექიმის განცხადებას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ისტორია არც მოგითხოვიათ“, ხაჭაპურიძემ უპასუხა:

„არ ვიცი, შენგელია ტყუის, არ ტყუის, მაგრამ ფაქტია, ჩვენს განცხადებებს არ იცნობს. „ვივამედის“ კლინიკაში კაბინეტში ზის თანამშრომელი, შემიძლია, სახელი და გვარი დავასახელო, რომელიც პენიტენციურის სამსახურის წარმომადგენელია და ორ კვირაზე მეტია, მასთან განცხადება ჩაბარებულია. სხვათა შორის, ქალბატონ დავარაშვილს არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული, რომ იგი ავადმყოფობის ისტორიას აღარ გასცემს, ვიდრე სააკაშვილი კლინიკიდან არ გაეწერება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სააკაშვილის ადვოკატის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხაჭაპურიძეს თავად ვერ შეხვდებოდა, რადგან ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და მას დღის გეგმა უკვე  გაწერილი ჰქონდა.

„ადვოკატის ვიზიტი არის დაუგეგმავი. მთელი დღე მაქვს გაწერილი და მასთან შეხვედრას ფიზიკურად ვერ შევძლებ. ვთხოვე ჩვენს თანამშრომლებს და ისინი აუცილებლად შეხვდებიან, მოუსმენენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, ლევან იოსელიანი ჟურნალისტებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„კვირას შევხვდი სააკაშვილს. „ვივამედის“ კლინიკაში შევხვდი გიული ალასანიას და მასაც ვესაუბრე. ასევე, ვითხოვე, დროულად გამოეგზავნათ დოკუმენტაცია, რომელიც ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დოკუმენტაცია 20 მარტს მივიღეთ და იმავე დღეს გადავაგზავნეთ კონსილიუმთან. ასევე, 2 დღის წინ შეხვედრა გავმართე კონსილიუმის წევრებთან, რომელთაც ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავუდასტურე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.