„დოიჩე ველე“ - რატომ ზრდის რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას შავ ზღვაში
„დოიჩე ველე“ - რატომ ზრდის რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას შავ ზღვაში

ბრიუსელში დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოებაა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ქერჩის სრუტეში უკრაინასა და რუსეთს შორის მომხდარი ინციდენტის გამო გახდა. ამავე თემაზე გაიმართება მსჯელობა ნატო-უკრაინა-საქართველოს კომისიის ერთობლივ სხდომაზეც.

როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, შავი ზღვა არა მხოლოდ კიევისა და მოსკოვის კონფლიქტის პლაცდარმია. აქ რუსეთისა და ნატო-ს ინტერესებიც იკვეთება. შავ ზღვაზე შტორმი იშვიათი მოვლენაა – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. შავი ზღვის აკვატორია, რეალური ან პოტენციური ცხელი წერტილების ნუსხაში, დიდი ხნის განმავლობაში არ შედიოდა. სიტუაცია 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო შეიცვალა. ყირიმის ნახევარკუნძული, ნატო-ს სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის ინტერესების რეალიზაციის მთავარ პლაცდარმად იქცა.

ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის მკვლევარები აცხადებენ, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობას 2008 წლიდან სისტემატიურად აფართოებს. დღეს მხოლოდ ყირიმში 28 000 რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული. 10 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტი გაორმაგდა. რუსეთი ცდილობს შეავიწროვოს მცირერიცხოვანი უკრაინული ფლოტი, რომელსაც აზოვის ზღვაზე აქვს გასასვლელი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ახალი წყალქვეშა ნავებითა და ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატებით გაძლიერება არის მოსკოვის მხრიდან ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ ძალის დემონსტრირება. ეს პირველ რიგში რუმინეთსა და ბულგარეთს ეხება.

შავი ზღვა – „რუსული ტბა“?!

კრიზისის შემთხვევაში, ბუქარესტი და სოფია შესაძლოა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ბულგარეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის ერთგული მოკავშირე იყო და რუმინეთი,  რომელიც უფრო თავშეკავებულად იქცეოდა, უკვე დიდი ხანია ნატო-ს  წევრები არიან, ხოლო მათი სანაპირო დღეს ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგია. ყირიმის ანექსიამდე დიდი ხნით ადრე ბუქარესტი გამოდიოდა მოწოდებით, რომ შავი ზღვა რუსულ ტბად არ უნდა გადაიქცეს. ბუქარესტი რეგიონში ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას მხარს უჭერს, მათ შორის შავ ზღვაში ნატო-ს ფლოტის განლაგებასაც. 2016 წელს ბულგარეთმა ამ იდეის განხორციელებაზე უარი თქვა. სოფია რუსეთთან მჭიდრო კულტურულ და ემოციური კავშირს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ეს ალიანსის სუსტი წერტილია.

გარდა ამისა, ბულგარეთის არმია ამ დრომდე იყენებს საბჭოთა იარაღს. მოძველებული საჰაერო თავდაცვითი სისტემების სისუსტეები რუსი სამხედროებისთვის ცნობილია. თუმცა, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნა, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯების გაზრდა, სოფიაშიც გაითვალისწინეს. 2018 წელს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამა გამოაცხადა, რაც ქვეყანას 1-2 მილიარდი ევრო დაუჯდება.

რუსეთი და თურქეთი – სტრატეგიული პარტნიორები?!

ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის სისუსტე უკეთ ჩანს, თუ ანკარას გადავხედავთ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი თურქეთის საკუთარ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას არასდროს დათანხმდება. ერდოღანის ამ პოზიციას დონლად ტრამპთან მისი უთანხმოებაც ამყარებს. ანკარა უკვე დიდი ხანია აღმოსავლეთზეა ორიენტირებული, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების პოლიტიკით. ბედის ირონიით, სწორედ თურქეთს მიაწოდა რუსეთმა S-400-ის ტიპის თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემები. ამან ნატო-ს  შეშფოთება გამოიწვია, ხოლო მოკავშირეებმა ანკარას ლოიალურობაში ეჭვი შეიტანეს. თურქული ფლოტი, განსაკუთრებით წყალქვეშა, რუსეთისაზე ძლიერია. ეს ყირიმში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების შემდეგაც არ შეცვლილა. თუმცა, თურქეთს მოსკოვთან კონფრონტაცია სულაც არ სურს. რუსეთი ანკარასთვის არა პოტენციური მტერი, არამედ უფრო პარტნიორია. ყველაზე ნათლად ეს ერდოღანის პუტინთან ვიზიტის დროს გამოჩნდა. აღნიშნული შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც თურქულმა მოიერიშეებმა სირიის საჰაერო სივრცეში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. თურქეთის ლიდერმა ინციდენტისთვის ბოდიში მოიხადა და ოჯახებს კომპენსაცია შესთავაზა.

„თურქული ნაკადი“ უკრაინის გვერდის ავლით

მოსკოვისა და ანკარას მეგობრულ ურთიერთობებს ძირითადად ეკონომიკური ინტერესები განაპირობებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ანკარა უფრო ახლოსაა რუსეთთან, ვიდრე ეს ნატო-ს  და ევროკავშირს სურს. 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ამუშავება, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გადის და გვერდს უვლის უკრაინას. შედეგად უკრაინის ბიუჯეტი სოლიდურ ტრანზიტულ გადასახადებს დაკარგავს, რაც ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

ამასთან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, პირიქით, ამ გაზსადენიდან სარგებელს ელოდება. გეგმის მიხედვით ამ ქვეყნების ტერიტორიაზე „თურქული ნაკადის“ მეორე განშტოება გაივლის, რომლითაც 2020 წლიდან ბუნებრივ აირს ცენტრალური ევროპის ქვეყნები მიიღებენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს კიდევ უფრო დაასუსტებს.

უკრაინა შესაძლოა, იზოლაციაში აღმოჩნდეს

ასეთი მდგომაროება უკრაინისთვის მიუღებელი და საზიანოა. მაქსიმუმი, რასაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ნატო-სგან და ევროკავშირისგან შეიძლება ელოდოს, სოლიდარობაა. მისი მოთხოვნა, რომ გერმანიამ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნოს, სავარაუდდოდ, ვერ შესრულდება. უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი და ალიანსი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების მიღებას არ აპირებს.

უკრაინა დონბასში მიმდინარე კონფლიქტითა და ოკუპირებული ყირიმით, აღმოსავლეთით იზოლაციაში რჩება. რუსეთის ქმედებები ყირიმში, ასევე აზოვის ზღვაში საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, თუმცა კიევი ძალიან ცუდად არის აღჭურვილი, რომ საკუთარი უფლებები სათანადოდ დაიცვას.

შავი ზღვის „გავლენის სფეროებად“ დაყოფა

ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებისგან განსხვავებით, შავი ზღვის რეგიონი არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. „ცივი ომის“ დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საზღვარი სწორედ აქ გადიოდა. დღეს შავ ზღვაში სამი მნიშვნელოვანი მოთამაშის – რუსეთის, თურქეთისა და დასავლეთის ინტერესები იკვეთება. ამასთან, დღეს ურთიერთობების ჰარმონიზაციაზე საუბარი არ მიმდინარეობს, პირიქით, საუბარია შავი ზღვის „გავლენის სფეროებად“ დაყოფაზე. ეს კი, თავისუფლად შეიძლება, კონფლიქტების ათვლის წერტილად იქცეს.