„ბლუმბერგი“ - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ომის დასრულების მიზნით რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვის გეგმაზე უკრაინასთან ერთად მუშაობენ
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან ერთად მუშაობენ რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვის გეგმაზე, რომლის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტყობინება.
გამოცემის წყაროების თქმით, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ორმხრივი მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავენ. ამასთან, „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლისა და ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ფონზე, სამივე ქვეყანა ხედავს შესაძლებლობას, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ დამატებით ზეწოლას ქმნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დაწყებით მოკავშირეები ცდილობენ, ომი კიდევ ერთი ზამთარი არ გაგრძელდეს, რადგან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ გაააქტიურებს თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის და ევროპა მასზე ზეწოლას არ მოახდენს.
ამასთან, „ბლუმგერის“ ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.