დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, დაპირისპირებაა.
ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.
ინციდენტის ადგილზე სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება. დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება.