დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც ხელს აძლევდა ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდა ეს ინციდენტი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც ხელს აძლევდა ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდა ეს ინციდენტი

დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც ეს ხელს აძლევდა, ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდა ეს ინციდენტი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქში“ წერს.

„გუშინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დმანისში ჩავედი. აი, რა ვნახე:

1. გუშინ დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც ხელს აძლევდა ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ ეს ინციდენტი.

2. ტელევიზიების უმრავლესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ნებსით თუ უნებლიეთ, ფაქტიურად იმავე მიზანს ემსახურებოდნენ.

3. იქ მცხოვრები ქართველების „ეკოემიგრანტებად მოხსენიება“ არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, მეტიც – ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მასშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას. სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც.

4. ღვთის შეწევნით, მოსახლეობას ეყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს ძალისხმევით, ადგილობრივი სასულიერო პირების ჩართულობით, მათ შორის საპატრიარქოს მონაწილეობით, ერთმანეთთან ძმური მეზობლობის გარემოში ცხოვრების სურვილმა და საღმა აზრმა გაიმარჯვა ვნებებზე.

დიდი იმედია, ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის, ემოციებს აყოლა, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალის ხელში.

ვუსურვებ მშვიდობას დმანისს და მთელ საქართველოს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.