ვახტანგ გომელაური - ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ დმანისში დაპირისპირება არის ეთნიკური საკითხი და უნდა, რომ გაღვივდეს, ამას არ დავუშვებთ
ვახტანგ გომელაური - ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ დმანისში დაპირისპირება არის ეთნიკური საკითხი და უნდა, რომ გაღვივდეს, ამას არ დავუშვებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

ამის შესახებ გომელაურმა დმანისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად დღეს ჩავიდა.

„ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ მოხდა. გუშინვე დავიწყეთ გამოძიება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება სრული სიმკაცრით, ვინც დაარღვია კანონი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რატომღაც ვიღაცები ცდილობენ, არ მინდა, რომელიმე ძალები და ჯგუფები ვახსენო, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემას. აზერბაიჯანელები და ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეები. ამასთან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოკავშირეა, მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ. ქვეყნის მტრობაა, ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური თემა და უნდა, რომ გაღვივდეს, გამწვავდეს. ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ახლა რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„ჯერ დაკავებას ვერ გიდასტურებთ. პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ. გეთანხმებით, ცუდი სიტუაცია იყო, ხალხი შეიკრიბა ძალიან სწრაფად და სწრაფად შეიქმნა ქაოსური ვითარება. გუშინდელი დღის შემდეგ გაძლიერებული იყო პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. 150-კაცამდე იყო. რეალურად, მშვიდობიან დროს თუ არის 20 კაცი, სამწუხაროდ, გაათმაგებული იყო. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დმანისში დამატებითი ძალების შემოყვანა. აქედან გამომდინარე, ვითარება განიმუხტა ამის შემდეგ. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და კონფლიქტის შეჩერება“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ჯგუფურ ძალადობაში გადაიზარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.