დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. 16 მაისს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს ამ წუთებში დმანისის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. სამი პირი კი სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

პოლიციასთან იმყოფება მაღაზიის გამყიდველი და ერთ-ერთი მეპატრონე.

„ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ „ნისიად“. ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი. შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, დამარტყამდნენ. ამ ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და ის სცემეს. პოლიციას გამოვუძახეთ. ჩვენებაც მივეცი. მოგვიანებით უკვე ამ ბიჭებთან ერთად 40-მდე ახალგაზრდა მოვიდა. ხელკეტებით იყვნენ. ყველაფერი დალეწეს. ახლა აქ ჩვენების მისაცემად ვარ მოსული“,- განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა, საიდა ისმაილოვამ.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და სახლში იმყოფება. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. განადგურებულია მაღაზიის ინფრასტრუქტურა. დმანისის შესასვლელებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. დაპირისპირება მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.