დმანისში დაპირისპირება დღესაც მოხდა [ფოტო, ვიდეო]

დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, დაპირისპირებაა.

ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავდა. ისინი გუშინ მომხდარს აპროტესტებდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დღესაც დაუპირისპირდა.

ინციდენტის ადგილზე სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინ მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში იმყოფება. დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება ხდება.