ჟან-კლოდ იუნკერი - „პრაღის გაზაფხული“ თანამედროვე ევროპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდია
1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ მოვლენები თანამედროვე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდია. ეს განცხადება ევროკომისის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.
დღეს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრიდან ზუსტად 50 წელი გავიდა. 1968 წლის მოვლენები ისტორიაში „პრაღის გაზაფხულის“ სახელით შევიდა.
„დღეს ზუსტად 50 წელი სრულდება, რაც პრაღის გაზაფხულის იმედები გატეხეს ევროპის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და მწარე ეპიზოდში. 1968 წლის 21 აგვისტოს პრაღის ქუჩებში მიმავალმა ტანკებმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მცდელობა ჩაახშეს, გაამყარეს რეჟიმი, რომელიც კიდევ ორ ათეულ წელიწადს გაგრძელდა და დაადასტურა ვარშავის შეთახმების ფარგლებში განსხვავებული აზრის ჩახშობის სასტიკი ხერხი“, – ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ იუნკერის განცხადებაში.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, პირველეს ყოვლისა, საუბარია ადამიანების ტრაგიკულ გარდაცვალებაზე, რომელთა შორი ბევრი სტუდენტი იყო.
„ჩვენ პატივს მივაგებთ მათ სიმამაცესა და გმირობას, ვინც ტანკებისა და იარაღის წინაშე დაუმორჩილებლობა გამოავლინა. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მათ მემკვიდრეობაზე – ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს მათი მცდელობა, დაიცვან ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, – აღნიშნულია ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში.
„50 წლის შემდეგ ევროპას აღარ ჰყოფს „რკინის ფარდა“, ჩეხეთის, სლოვაკეთის ხალხები და სხვა ევროპელები ცხოვრობენ მშვიდობისა და სოლიდარობის კავშირში, რომლისგანაც შეუძლიათ ჰქონდეთ დაცვის იმედი“, – წერია ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
1968 წლის 21 აგვსტოს ვარშავის შეთანხმების ქვეყნების ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ „პრაღის გაზაფხულის“ ანუ ქვეყნის დემოკრატიზაციის მცდელობის შესაჩერებლად. 1968 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 100-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში რეპრესიების პერიოდი დაიწყო, რომელიც 1989 წლის „ხავერდოვან რევოლუციამდე“ გაგრძელდა, რამაც ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დაასრულა.