ჟან-კლოდ იუნკერი - ბორის ჯონსონის ბრექსიტის ახალ გეგმაში არსებობს დადებითი ძვრები, თუმცა რჩება პრობლემური ადგილები
ჟან-კლოდ იუნკერი - ბორის ჯონსონის ბრექსიტის ახალ გეგმაში არსებობს დადებითი ძვრები, თუმცა რჩება პრობლემური ადგილები

ბრექსიტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ახალ გეგმაში არსებობს დადებითი ძვრები, თუმცა კვლავ რჩება პრობლემური ადგილები, რომლებიც დამუშავებას საჭიროებენ, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში, რომელიც იუნკერისა და ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სადავო საკითხად კვლავ რჩება ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვრის რეგულაცია.

შეგახსენებთ, გუშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირიდან გასვლის ახალი გეგმა გამოაქვეყნა. შვიდგვერდიანი დოკუმენტი ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირის ერთიან ბაზარში დარჩენას, თუმცა ევროკავშირის საბაჟო კავშირიდან გასვლას ითვალისწინებს. ამგვარად, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის საზღვარზე საბაჟო შემოწმება უნდა დაწესდეს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, გეგმის ალტერნატივა ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლაა.