ჟან-კლოდ იუნკერი - მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონ ევროს გამოვყოფთ ევროკავშირი-საქართველოს ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის
ჟან-კლოდ იუნკერი - მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონ ევროს გამოვყოფთ ევროკავშირი-საქართველოს ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის

წლების წინ შევპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს გვერდში იდგება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც უფრო მეტ რეფორმას ატარებთ, მით მეტ მხარდაჭერას ვიჩენთ ჩვენი მეგობრების მიმართ.

მოხარული ვარ დღეს განვაცხადო, რომ დამატებით 40 მილიონ ევროს გამოვყოფთ ამ წლის ორმხრივი ურთიერთობებისთვის. საერთო ჯამში 2014 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენ 597 მილიონი გამოვყავით. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამატებით გამოვყოთ 45 მილიონი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერისთვის,“ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, თბილისში რამდენიმე თვეში ევროპული სკოლაც გაიხსნება.

„პრემიერ-მინისტრმა და მე, მოვილაპარკეთ, რომ ამიერიდან ყოველ წელს ჩავატარებთ ერთ შეხვედრას საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის. ასეთ შეხვედრებს ჩვენ ყველა ქვეყანასთან არ ვატარებთ, მაგრამ მინდა, რომ ყოველ წელს ასეთი შეხვედრა ჩატარდეს საქართველოსთან,“- აღნიშნა იუნკერმა.