ჟან-კლოდ იუნკერი ბულგარეთის თავმჯდომარეობისგან ევროკავშირისთვის პროგრესს ელოდება
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბულგარეთის თავმჯდომარეობისგან ევროკავშირისთვის პროგრესს ელოდება. ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
2018 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი როტაციით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი სოფიაში დღეს გაიმართება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგად მოემზადა ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის, კერძოდ, ამისთვის სპეციალური სამინისტრო შექმნა, რომელსაც ლილიანა პავლოვა უხელმძღვანელებს.
ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ბულგარეთმა იცის, რისი გაკეთებაა საჭირო, ევროკავშირისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა მიგრაციის, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების, თავდაცვის პრობლემები.
ევროკომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბულგარეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირის მომავლისთვის მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. 2018 წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკური და სავალუტო კავშირების გამყარების, სფეროში, ლტოლვილების მიღების სისტემაში, ევროკავშირის ბიუჯეტის ფორმირებაში.
ამასთან, იუნკერი არ იზიარებს დასავლური მედიის ნაწილის კრიტიკას, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირს სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანა.
იუნკერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში წევრობის პერიოდში ბულგარეთმა ეკონომიკური განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამას გარდა, ბრიუსელი სპეციალური მექანიზმით მონიტორინგს უწევს ამ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ევროკომისიის პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ბულგარეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაახლოების საკითხი.
იუნკერის თქმით, ეს ქვეყნები იმსახურებენ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ქონას, თუმცა მათ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რეფორმები აქვთ გასატარებელი. ამას გარდა, იუნკერი მიიჩნევს, რომ ბულგარეთმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესში.