დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებას ცოტა დრო დარჩა, რათა ოპოზიციას ისეთი საარჩევნო წინადადება წარუდგინოს, რაზეც უარს ვერ იტყვის
დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ცოტა დრო რჩება, რათა ოპოზიციას ისეთი საარჩევნო წინადადება წარუდგინოს, რაზეც ოპოზიცია უარს ვერ იტყვის.
ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი საარჩევნო თემატიკაზე გამართულ ცალ-ცალკე შეხვედრებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ტაქტიკის ნაწილია.
„ჩემთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი საუბარი კონსტიტუციის ძირითადი მუხლის გადახედვაზე, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. სხვა დანარჩენი მოდელი მსჯელობის საგანია, ეს იქნება 100/50, 135/15 თუ 110/40. მნიშვნელოვანია არა ის, რა ფორმულა იქნება, არამედ როგორ მოხდება პოზიციების შეჯერება და ერთიან თამაშის წესებზე დათანხმება. ქვეყნის დემოკრატიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. დიალოგისთვის წითელი ხაზებით საუბარი სწორი არ არის“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.