დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ოთხი წლის ბავშვს, იაშვილის კლინიკაში დავით სერგეენკო მოინახულებს
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულ ოთხი წლის ბავშვს, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.
კლინიკაში ცოტა ხნის წინ დასრულდა ექიმთა კონსილიუმი, რომელზეც სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა პაციენტის მკურნალობის შემდეგ კურსზე იმსჯელეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მთავარი ამოცანა სისხლის დანაკარგის შევსებაა, ასევე პაციენტი ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის ჩარევას საჭიროებს, რადგან მას აფეთქების შედეგად ყურის აპკი დაუზიანდა.
„იაშვილის კლინიკაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპატრამენტში განაგრძობს. მას გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა, სისხლის დანაკარგია, რის წინააღმდეგ გუშინვე დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით, გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და პარამეტრებს დინამიკაში დავაკვირდებით. კონსილიუმის შედეგად, დღეს დამატებით დაგვჭირდება ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის აქტიური ჩარევა. დამატებით ნეიროქირურგისა და ყბა-სახის ქირურგის ჩარევას არ საჭიროებს“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვანიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.