ინიციატივის #ქალებიზრუნავენ ფარგლებში, იაშვილის კლინიკაში დედებსა და ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ
ინიციატივის #ქალებიზრუნავენ ფარგლებში, იაშვილის კლინიკაში დედებსა და ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

ახალი ინიციატივისა და კამპანიის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დედებს 3 მარტთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტების დედებსა და ბავშვებს, აგრეთვე, საქართველოში მყოფ იმ მშობლებს, რომლებიც ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას არ გადიან, თუმცა მათი შვილები დაავადებას ებრძვიან, საჩუქრები გადაეცათ.

ახალი ინიციატივა და აქცია – #ქალებიზრუნავენ ქალების მხრიდან ქალთა მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ემსახურება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ, როგორც მატერიალური, ისე ფსიქო-ემოციური ფორმით თანადგომა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმ ბრძოლაში, რომელშიც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან.

„თავად გავიარე ეს გზა და ვიცი, თუ რა სირთულეებს უკავშირდება თითოეული წამი ამ ბრძოლაში. ვიმედოვნებ, ამ აქციით მცირედი პოზიტივი მაინც შევიტანეთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მშობლების ცხოვრებაში და გამოვხატეთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა მათ მიმართ“, – აღნიშნა აქციის #ქალებიზრუნავენ ფარგლებში საორგანიზაციო საკითხების მიმართულებით ორგანიზატორმა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მომვლელებისთვის შექმნილი ჯგუფის Mamcology Georgia-ს დამფუძნებელმა ნინი მთვარაძემ.

ახალი ინიციატივის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში სხვადასხვა სახის აქციები მომავალშიც დაიგეგმება.