დღეს NASA მთვარისკენ თავის უძლიერეს რაკეტას გაუშვებს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ #1tvმეცნიერება
დღეს NASA მთვარისკენ თავის უძლიერეს რაკეტას გაუშვებს — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ #1tvმეცნიერება

რამდენიმე საათში, NASA-ს მისია „არტემის 1“ საკვანძო ნაბიჯს გადადგამს, რათა ნახევარსაუკუნიანი შესვენების შემდეგ, ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს.

მისია ეკიპაჟის გარეშე იქნება, სტარტს 29 აგვისტოს, თბილისის დროით 16:33 საათზე აიღებს და წარმოადგენს ტესტს NASA-ს კოსმოსური გაშვების სისტემისა (Space Launch System) და ეკიპაჟის კაფსულა ორიონისთვის (Orion Crew Capsule).

მისია მთვარისკენ გაეშურება, გაიტანს რამდენიმე პატარა თანამგზავრს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე განთავსდება. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.

გამოცემა The Conversation-მა კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის პროფესორს, კოსმოსის მეცნიერ ჯეკ ბარნსს სთხოვა აღწერა მისია, განემარტა, თუ რას გვპირდება არტემის 1 კოსმოსის კვლევებში და რამდენად შეიცვალა კოსმოსური პროგრამა გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბოლოს დადგეს ფეხი მთვარის ზედაპირზე.

რით განსხვავდება არტემის 1 იმ სხვა რაკეტებისგან, რომლებსაც რეგულარულად უშვებენ?

არტემის 1 პირველი მისია იქნება, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან (Space Launch System) გაეშვება. ის ყველაზე მძლავრი რაკეტა იქნება, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნ V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა.

ის რაკეტების ახალ სისტემას ეკუთვნის, რადგან აქვს როგორც თხევადი ჟანგბადისა და წყალბადის ძირითადი ძრავები, ისე ორი მყარი გამაძლიერებელი, რომლებიც მან კოსმოსური შატლისგან მიიღო. იდეაში, ის კოსმოსური შატლისა და აპოლოს მისიების რაკეტა „სატურნ V“-ის ჰიბრიდია.

ტესტირება ძლიერ მნიშვნელოვანია, რადგან Orion Crew Capsule ნამდვილად სათანადოდ შემოწმდება. ის მთვარის კოსმოსურ გარემოში, მაღალი რადიაციის პირობებში, ერთი თვის განმავლობაში დარჩება.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიტესტება სიცხის ფარიც, რომელიც კაფსულას და მის მგზავრებს დაიცავს, როდესაც ის დედამიწაზე 40 233 კმ/სთ სიჩქარით დაბრუნდება. ის ატმოსფეროში ყველაზე სწრაფად შემოსული კაფსულა იქნება აპოლოს შემდეგ; შესაბამისად, ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ სიცხის ფარმა სათანადოდ იფუნქციონიროს.

მისია თან წაიღებს პატარა თანამგზავრთა ნაკრებსაც, რომლებსაც მთვარის ორბიტაზე განათავსებს.

ისინი წინასწარ სამეცნიერო საქმიანობას განახორციელებენ; მათ შორის, ჩაიხედავენ მუდმივად დაჩრდილულ კრატერებშიც, სადაც მეცნიერთა აზრით, წყალი უნდა იყოს. უფრო ზუსტად გაზომავენ რადიაციულ გარემოს, დაადგენენ, რა ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე ხანგრძლივ რადიაციულ ზემოქმედებას.

პროექტ არტემისის მიზანი. რას ემსახურება გაშვებათა სერია?

მისია პირველი ნაბიჯია „არტემის 3“-ისკენ, რომელმაც 21-ე საუკუნეში პირველად უნდა წაიყვანოს ადამიანები მთვარეზე, პირველად 1972 წლის შემდეგ. არტემის 1 უბრალოდ უეკიპაჟო, სატესტო ფრენაა.

რამდენიმე წლის შემდეგ გაეშვება „არტემის 2“, რომლის ბორტზე ასტრონავტებიც იქნებიან. ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს.

და ბოლოს, ამ ათწლეულის შუა მონაკვეთში, ყველაფერს დააგვირგვინებს „არტემის 3“, მისია მთვარის ზედაპირისკენ, რომელიც SpaceX-ის Starship-ს შეხვდება და ეკიპაჟს გადასცემს.

„ორიონი“ ორბიტაზე დარჩება, ხომალდი Starship-ი კი ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე ჩაიყვანს. ისინი მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებიან და დაათვალიერებენ ზონას, რომელიც მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიათ; დააგრკვევენ, არის თუ არა იქ წყლის ყინული.

„არტემისი“ წააგავს „აპოლოს“. რა შეიცვალა გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში?

პრეზიდენტ კენედის მიერ წარმოდგენილი პროგრამის, „აპოლოს“ მიზანი მთვარეზე საბჭოთა კავშირის დამარცხება იყო. ადმინისტრაცია დიდად არ ზრუნავდა კოსმოსურ მოგზაურობაზე ან თავად მთვარეზე, უბრალოდ, წარმოადგენდა გაბედულ მიზანს, რომელსაც აშკარად უნდა დაემტკიცებინა ამერიკის პირველობა კოსმოსსა და ტექნოლოგიებში.

როდესაც შეერთებულმა შტატებმა მთვარეზე ჩააღწია, თამაში პრაქტიკულად დასრულდა. რუსები დამარცხდნენ. ამერიკელებმა იქ დროშები ჩაარჭვეს და მცირე სამეცნიერო ექსპერიმენტებიც ჩაატარეს. თუმცა, აპოლო 11-დან საკმაოდ მალე, სულ რამდენიმე მისიაში, პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა პროგრამა გააუქმა, რადგან პოლიტიკური მიზნები უკვე მიღწეული იყო.

ამასობაში, სწრაფად გაირბინა 50-მა წელიწადმა. ახლა ძლიერ განსხვავებული გარემოა. შტატები ახლა ამას რუსების, ჩინელების ან ვინმე სხვის დასამარცხებლად კი არ აკეთებს, არამედ დედამიწის ორბიტის მიღმა მდგრადი კვლევებისთვის.

პროგრამა არტემისს რამდენიმე სხვადასხვა მიზანი აქვს. მათ შორის არის რესურსების ადგილზე გამოყენება, მაგალითად, წყლის ყინულის და მთვარის ქანების, რომლებისგანაც უნდა აწარმოონ საკვები, საწვავი და სამშენებლო მასალები.

პროგრამა ასევე უნდა დაეხმაროს მთვარის და კოსმოსური ეკონომიკის დაფუძნებას, რადგან ამ მისიის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე არის SpaceX.

NASA არ ფლობს Starship-ს, მაგრამ მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების ჩასაყვანად ადგილებს ყიდულობს. ამის შემდეგ, SpaceX-ი Starship-ს სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს, მათ შორის, სხვა ტვირთების წასაღებად, კერძო ასტრონავტებისთვის და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ასტრონავტებისთვის.

50-წლიანი ტექნოლოგიური განვითარება იმას ნიშნავს, რომ მთვარეზე წასვლა ახლა გაცილებით იაფია და ტექნოლოგიურად უფრო შესაძლებელი; გარდა ამისა, ახლა შესაძლებელია გაცილებით დახვეწილი ექსპერიმენტების ჩატარებაც.

ტექნოლოგიური განვითარების ამ 50-მა წელიწადმა სრულიად შეცვალა თამაშის წესები. ახლა მთვარეზე თითქმის ნებისმიერს შეუძლია ხომალდის გაგზავნა, ვისაც ამის ფინანსური რესურსები აქვს.

NASA-ს განცხადებით, პირველ ეკიპაჟიან მისიაში, არტემის-3-ში იქნება სულ მცირე ერთი ქალი.

შეგიძლიათ, მოვლენას პირდაპირ ეთერში უყუროთ:

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.