დღეს გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგმლობით მიმართავს. ადვოკატისვე თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე მის შუამდგომლობას გაიზიარებს.
გიორგი ნემსიწვერიძე ადვოკატი
„გაგრძელდება წინასასამართლო სხდომა. უნდა განიხილოს საკითხი მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. ორივე მხარეს წარდგენილ აქვს შუამდგომლობები, ერთმანეთის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს ისეთივე უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, როგორიც ვნახეთ განზრახ მკვლელობის საქმეში, ანუ ბრალდების მხარის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ამის მიუხედავად, საქმის არსებითად განხილვისას, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, გვაქვს იმედი, რომ სასამართლო საბოლოო ჯამში მაინც მიიღებს გამამართლებელ განაჩენს. ასევე, მოსამართლე იმ ოთხ პირს, რომლებსაც წარდგენილი აქვთ 143-ე მუხლი, განუმარტავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებებს და მოისმენს ბრალდებულების მოსაზრებას, თანახმა არიან თუ არა ისინი, რომ საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათანხმდებიან, საქმეს სასამართლო განიხილავს“, – განუცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.
„წინასასამართლო პროცესები გრძელდება. მე პირადად არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ ვაპირებ, ვინაიდან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც თენგო ბარბაქაძის ბრალდებულებას დაადასტურებდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არც არაფერი აქვს საღიარებელი. მას ედავებიან ძალადობაში მონაწილეობას, მეტს არაფერს. არ არსებობს მტკიცებულება და ვფიქრობ, რომ სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ.