დევი ხეჩინაშვილი - შეგვიძლია, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შევქმნათ, როგორიც გერმანიას აქვს
დევი ხეჩინაშვილი - შეგვიძლია, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შევქმნათ, როგორიც გერმანიას აქვს

საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შექმნას, როგორიც გერმანიას აქვს, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხი განიხილეს, რომელიც თითქმის 15-20 წელია, ქვეყანაში განხილვის საგანია.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა ამ დრომდე მისი განხილვაც კი არ მომხდარა. ხეჩინაშვილის განმარტებით, კანონპროექტის დაყოვნების მიზეზები ოფიციალურ სტრუქტურებს არ განუმარტავთ. თუმცა, მისი ვარაუდით, მიზეზი არჩევნებს უკავშირდება, რადგან აღნიშნული სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ამომრჩევლისთვის სასურველი თემა არ არის.

„კანონი „გაჭედილია“ პარლამენტში. მთავრობამ კანონპროექტი პარლამნეტში 2018 წლის დეკემბერში შეიტანა და მერე ერთი წლის განმავლობაში ამ პროექტის განხილვა არ მომხდარა. ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პარლამენტთან, კომიტეტებთან. იქ მხარდაჭერა იყო კიდეც და არც იყო – ეს უბრალო საკითხი არ არის. ბოლოს მოხდა ისე, რომ კანონპროექტი წლის ბოლომდე არ განხილულა. მიზეზი არავის უთქვამს. ვფიქრობ, მიზეზი პოპულიზმი, პოლიტიკა და არჩევნებია. აპრიორი ითვლება, რომ ეს არ არის ელექტორულად მომგებიანი კანონი. თუმცა, ვფიქრობ, მთლად ასე არ არის, მაგრამ ეს არის ის ჩარჩო, რაშიც ვარსებობთ“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისი მოსაზრებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით სახელმწიფო სადაზღვევო სექტორს სერიოზულ ბიძგს მისცემს, რადგან ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, დაახლოებით მილიონი ადამიანი შევა სადაზღვევო ურთიერთობაში, საიდანაც დიდი ნაწილისთვის ეს პირველი სადაზღვევო პროდუქტი იქნება. ხეჩინაშვილის განმარტებით, როგორც ევროპული სტატისტიკა აჩვენებს, მილიონ კაცზე დაახლოებით 80 000 სადაზღვევო შემთხვევა დგება; სომხური გამოცდილების მიხედვით, ეს ციფრი 110 000-ზეც ადის. სარგებელს კი ორი ამდენი ადამიანი მიიღებს, რადგან მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევა ორ მხარეს გულისხმობს – ავტომფლობელს, რომელიც საგზაო შემთხვევაზეა პასუხისმგებელი და დაზარალებულს.

ხეჩინაშვილი ვარაუდობს, რომ კანონპროექტის განხილვა არც წელს მოხდება, რადგან საარჩევნო წელია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მესამე პირის მიმართ სამოქალაქო დაზღვევის საჭიროებას აცნობიერებს და ამას ევროკავშირიც ისევე ითხოვს, როგორც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მექანიზმის დანერგვა წარმატებული იქნება, რადგან ქვეყნაში ამ ტიპის დაზღვევის ამოქმედებისთვის საჭირო ყველა რგოლი გამართულად მუშაობს.

„ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრია ერთად იმიტომ ვდგავართ, რომ მისთვის აუცილებელი ნაწილები უკვე არსებობს. ვგულისხმობ ჩვენი პოლიციის სისტემას, რომელიც კორუფციული არ არის, ინფორმაციის გაცვლა იდეალურია. ეს ნაწილები, ყველაფერი მოწყობილია. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ისეთი სისტემა შევქმნათ, როგორიც გერმანიაშია. ამის დემონსტრირება ჩვენ გავაკეთეთ იმ პატარა სავალდებულო დაზღვევით, რომელიც ეხება საქართველოში არარეგისტრირებული ტრანსპორტის მფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას. ნახეთ, როგორ იდეალურად მუშაობს, როგორც ინკასაციის, ისე ხარჯის ანაზღაურების კუთხით. ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამას ძალიან კარგად გავაკეთებთ და ეს მართლა შეუწყობს ხელს სადაზღვევო კულტურის განვითარებას, ამაზე ამდენს არ ვილაპარაკებდით“, – განუცხადა დევი ხეჩინაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.