დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა
ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. ამის შესახებ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლახან ვაზიარე მამა გიორგი. როგორც იცით, მამა გიორგი შეუძლოდ გახდა, მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ, როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე, დამეჩქარებინა.
ღვთის წყალობით, ეზიარა მამაო და იმედი მაქვს, მალე განიკურნება და კარგად გახდება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული“, – განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პენიტენციური დაწესებულებიდან გუშინ, წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა გადაიყვანეს.
რაც შეეხება ზიარებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, 4 თებერვალს თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი დაკავებული დეკანოზისთვის საპატიმროში ზიარების უფლებას მოითხოვდნენ. 5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“. ამასთან, 9 თებერვალს პირველ არხს ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ განუცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულებასა და მის ზიარებას გეგმავდა.