ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი - დედაეკლესიის შემწყნარებელი ბუნება გვავალდებულებს, მიმტევებელნი ვიყოთ და მძიმე სულიერ-ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი დეკანოზის მდგომარეობა გავითვალისწინოთ
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი - დედაეკლესიის შემწყნარებელი ბუნება გვავალდებულებს, მიმტევებელნი ვიყოთ და მძიმე სულიერ-ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი დეკანოზის მდგომარეობა გავითვალისწინოთ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საშობაო წირვის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრა საკითხზე, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემას ეხება. საშობაო ეპისტოლეში კი, აღნიშნულ საკითხზე ვრცლად საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

„უკვე მერამდენე შობაა, რომ ჩვენთვის არადამაჯერებელ, გაუგებარ გარემოებათა საფუძველზე ბრალდებული დეკანოზი იხდის სასჯელს და ამის პარალელურად საზოგადოების მხრიდან (მათ შორის, თვით მრევლშიც) მუდამ ისმის კითხვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში; და რადგან არსებობს რიგი პასუხგაუცემელი კითხვებისა, მუდმივად იგრძნობა პერმანენტული მოლოდინი იმისა, რომ მან თავი უნდა დააღწიოს სატუსაღოს. ამასობაში, დრო გადის და უაღრესად რთული ხდება იმის გაგება, თუ მართლაც რასთან გვაქვს საქმე. რატომ არის ასეთი ბურუსით მოცული დეკანოზის შეწყალება-არშეწყალების საკითხი?! მით უმეტეს, რომ მის ე.წ. დანაშაულებრივ ქმედებას სიცოცხლის გამანადგურებელი (ან დამაზიანებელი) შედეგი არ მოჰყოლია და ფიზიკურად არც არავინ დაზიანებულა.

დედაეკლესიის მადლმოსილი არსი და მისი ყოველმხრივ შემწყნარებელი ბუნება გვავალდებულებს, რომ ამ კუთხით უფრო შორსმჭვრეტელნი და მიმტევებელნი ვიყოთ და, უწინარეს ყოვლისა, მძიმე სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი დეკანოზისა და მისი ოჯახის მდგომარეობა გავითვალისწინოთ. დაე, თავად ჩვენი ეკლესიის წიაღში გაირკვეს ამ საქმის არსი, მისი ბრალეულობა-არაბრალეულობის საკითხი, მით უმეტეს, რომ დეკანოზის ქმედებებს – როგორც ვთქვით – შედეგად არ მოჰყოლია ვისიმე სიცოცხლის განადგურება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ კიდევ უფრო მეტად არ გამყარდეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში (სამწუხაროდ!) ისედაც არსებული განცდა, რომ ბრალდებული დეკანოზის სატუსაღოში ყოფნა აწყობს სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც! ვფიქრობ, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი დეკანოზის შეწყალებით, დედაეკლესიას მიეცემა შესაძლებლობა, სრულფასოვნად გაერკვეს ამ საკითხში და მართლმკვეთელობით კრებსითად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ჩამოთვლილი სირთულეები კიდევ უფრო მეტად ცხადჰყოფს, რომ ეკლესიაში არსებობს მძიმე მემკვიდრეობის დაძლევისა და მისი ინსტიტუციური სხეულის სისტემური გამართულობის უზრუნველმყოფ ღონისძიებათა განხორციელების გარდაუვალი აუცილებლობა!

ყოველივე ზემოთქმული მეტყველებს იმის შესახებ, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ყოველ წუთს და წამს; დღევანდელ საქმეს ნუ გადავდებთ ხვალისთვის; პრობლემებს ნუ წავუყრუებთ, არამედ ვიზრუნოთ მათი იდენტიფიცირებისა და დაძლევისთვის. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა! იმედის თვალით შევხედოთ მომავალს, არ შევუშინდეთ ხვალინდელ დღეს, არ შევუშინდეთ სიძნელეებს; სიძნელეების დაძლევა გამოცდილებას გვძენს, გამოცდილება – სიბრძნეს!“ – აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.