ადვოკატი - გიორგი მამალაძე შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე სახალხო დამცველი არ შეხვდება
ადვოკატი - გიორგი მამალაძე შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე სახალხო დამცველი არ შეხვდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებული შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მას სახალხო დამცველი არ შეხვდება.

ადვოკატმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, პროტესტის ეს ფორმა, შიმშილობა, არ ეხება შეწყალების საქმეს, მას დაუყოვნებლივ უნდა სახალხო დამცველთან შეხვედრა და მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას, დაუყოვნებლივ შეხვდეს“, – განაცხადა მიხეილ რამშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მამალაძეს შეზღუდული აქვს სამედიცინო დახმარების მიღება.

„გიორგი მამალაძე ასევე ითხოვს, სამედიცინო დახმარებას, რადგან მიზანმიმართულად მიდის მისთვის სამედიცინო მომსახურეობის შეზღუდვა. ის პირობები, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სჭირდება, მიზანმიმართულად არ ხორციელდება. ფაქტობრივად არაფერს აკეთებენ და დროის გაწელვას ემსახურება, რათა მიიღონ მძიმე შედეგი. არც მედიკამენტები გააჩნიათ და არც სპეციალისტები ამ საქმის. შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს, ისეთია მდგომარეობა. ცალი მხარე საერთოდ არ ფუნქციონირებს და ვერც დადის და ჯდება, საკაცით გამოჰყავთ. იმედი გვაქვს, სახალხო დამცველი თუ ჩაერთვება, ეშველება რაღაც ამ საქმეს. იმედია, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანს სამედიცინო საკითხს. შიმშილობას არ წყვეტს, ვიდრე არ ნახავს სახალხო დამცველს, ყოველი წამი მნიშვნელოვანია, ამიტომ იმედია, დღესვე შეხვდება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულის ადვოკატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

„სამართლებრივად მივყვებით ბოლომდე ამ პროცესს და ყველას დავანახებთ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთაც, თუ როგორი უსამართლობაა და ეს ყველაფერი წავა ევროპაში. პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დარწმუნებულიც იყო, რომ დამოუკიდებელი არ არის იგი მის გადაწყვეტილებებში და შეუძლებელი იყო, სხვანაირად მომხდარიყო“, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.