დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს 14:00 საათზე გაასაჩივრებენ.

გიორგი მამალაძის ადვოკატები უკვე მესამე ინსტანციაში ჩივიან. უზენაესი სასამართლოსთვის მომზადებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში ხდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, განიხილავს თუ არა უმაღლესი ინსტანციის კოლეგია მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ მომზადებულ სარჩელს.

ადვოკატები ითხოვენ, რომ გაუქმდეს პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში ცნეს დამნაშავედ.

თავდაპირველად, დეკანოზს ბრალად ედებოდა მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება. საქალაქო სასამართლომ წარდგენილი მოტივი შეცვალა და დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.