დედამიწაზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული გადაშენების მიზეზს ნამარხებში მიაგნეს — #1tvმეცნიერება
დედამიწაზე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული გადაშენების მიზეზს ნამარხებში მიაგნეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშინელი მასობრივი გადაშენების მიზეზის საბოლოოდ გარკვევასთან ძალიან ახლოს არიან. საქმე ეხება გეოქიმიურ მიზეზს, საიდანაც შეიძლება, ეს ყველაფერი დაიწყო.

დიდი კვდომის სახელით ცნობილი ეს პერმულ-ტრიასული გადაშენება დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ მოხდა. ახალი კვლევა ეფუძნება დღევანდელ სამხრეთ ალპებში აღმოჩენილი მოლუსკების მსგავსი მხარფეხიანების ნამარხი ნიჟარების შესწავლას.

ნიჟარებში შენახულია ზღვის წყლის მჟავიანობის (pH) დონე, რაზეც გავლენას ახდენს ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია; როგორც ირკვევა, დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ მოხდა ნახშირორჟანგის უცაბედი, ძლიერი გამოშვება ატმოსფეროში.

მკვლევართა განცხადებით, ყველაზე დიდი ალბათობით, ამის მიზეზი იყო ვულკანურ ამოფრქვევათა გიგანტური სერია ციმბირში. დათბობის ზრდას და ოკეანის გამჟავებას გარკვეული სახეობები ძალიან სწრაფად უნდა დაეხოცა, წყალში საკვები ნივთიერებების ზრდას კი ოკეანეში დროთა განმავლობაში ჟანგბადის გამოლევა უნდა გამოეწვია, რასაც თავის მხრივ, გადაშენებები უნდა მოჰყოლოდა.

„სიცოცხლის შენარჩუნების ამ ურთიერთდაკავშირებული ციკლებისა და პროცესების დომინოს მსგავსმა კოლაფსმა საბოლოოდ გამოიწვია კატასტროფული მასშტაბის მასობრივი გადაშენება პერმულ-ტრიასული პერიოდის საზღვარზე“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის საზღვაო ბიოგეოქიმიკოსი ანა ჟურიკოვა.

ზღვის წყლის მჟავიანობის ჩანაწერების გასაშიფრად, ნიჟარებში არსებული ბორისა და ნახშირბადის იზოტოპები ჯგუფმა მეორეული იონურ-მასის სპექტრომეტრით (SIMS) გაზომა. დეტალურ კომპიუტერულ მოდელირებასთან კომბინაციის შემდეგ, მონაცემები დიდი კვდომის მოვლენების გაცოცხლების საშუალებას იძლევა.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ამჟამინდელი ციმბირის ტერიტორიაზე მომხდარი ვულკანური ამოფრქვევების სერია დიდი კვდომის გამომწვევი მთავარი მიზეზია, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ატმოსფერული გარემოს რეკონსტრუქცია ასე დეტალურად შეძლეს. შედეგად კი მივიღეთ უფრო მეტი ინფორმაცია დედამიწაზე იმ დროისათვის მომხდარი მოვლენების ძირითადი მექანიზმებისა და შემდეგი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მათი შედეგების შესახებ.

კვლევა პასუხს სცემს გარკვეულ კითხვებს მოვლენების კომბინაციისა და მათი შედეგების შესახებ, აშკარად აკავშირებს CO2-ის დონის მომატებას ვულკანურ აქტივობასთან. ანალიზები და მოდელირება ასევე მიუთითებს, რომ არც ისე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი ფაქტორი — ზღვის ფსკერის ბინადარ მიკრობთა მიერ დიდი ოდენობით მეთანის გამოყოფა.

„ამ მეთოდით შეგვიძლია მოვახდინოთ არა მხოლოდ ატმოსფეროში CO2-ის ევოლუციის რეკონსტრუქცია, არამედ ის ცალსახად დავიყვანეთ ვულკანურ აქტივობამდე. მეთანის ჰიდრატების დაშლა,რაც პოტენციურ დამატებით მიზეზად მიიჩნეოდა, ჩვენი მონაცემებით თითქმის გამოირიცხა“, — ამბობს საზღვაო ბიოქიმიკოსი მარკუს გუტჯაჰრი.

მილიონობით წლის წინანდელ გეოლოგიურ ჩანაწერებზე დაყრდნობით, მეცნიერები პერმულ-ტრიასულ პერიოდში მომხდარი ამ საშინელი მოვლენის დეტალების გარკვევას კვლავ განაგრძობენ, მაგრამ ასეთი ნამარხების მოძებნა არც ისე მარტივია.

ბევრი რამ არის გასარკვევი დამატებითი ფაქტორებისა და გადაშენების ხანგრძლივობის შესახებ. უცნობია ისიც, როგორ მოახერხეს გადარჩენა ზოგიერთმა სახეობებმა. ცნობილია, რომ მაშინ წყლის სახეობების 96 პროცენტი და ხმელეთის ხერხემლიანი სახეობების 70 პროცენტი ამოწყდა.

კვლევა ამაღელვებელია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოაჩენს, რამდენად შეიძლება გაღრმავდეს ჩვენი ცოდნა ანალიზის მეთოდების გაუმჯობესებით, რაც საბედნიეროდ, გამუდმებით მიმდინარეობს, მათ შორის არის სპექტრომეტრიის გამოყენება და მხარფეხიანთა ნამარხების შესწავლა.

„ამ ახალი ტექნოლოგიების გარეშე ძნელი იქნებოდა ისეთივე დეტალებით აღგვედგინა 250 მილიონი წლის წინ გარემოში განვითარებული პროცესები, როგორც ეს ჩვენ ახლა შევძელით. გარდა ამისა, ახალი მეთოდები შეიძლება მოვარგოთ სხვა სამეცნიერო კვლევებსაც“, — ამბობს გეოქიმიკოსი ანტონ აიზენაუერი.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.