30 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მოხდა, რომლის კვალიც მეცნიერებმა ახლა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
30 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მოხდა, რომლის კვალიც მეცნიერებმა ახლა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 33 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე დიდი ცვლილება მოხდა. ტემპერატურა დაეცა და მყინვარებმა ეკვატორისკენ დაიწყო გავრცელება.

აზიის კონტინენტზე სიცოცხლემ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, მაგრამ აფრიკის ტროპიკებს შეფარებული ბიომრავალფეროვნება ამ ცვლილებებს თითქოს ხელუხლებელი გადაურჩა; ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა.

ამერიკელ მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ნამარხებს უბრალოდ სათანადოდ არ ვიკვლევდით.

კვლევა მიუთითებს, რომ ამ ცივი ცვლილების გამო, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზე მნიშვნელოვნად შემცირდნენ ძუძუმწოვრები; 30 მილიონი წლის წინ, მათი დაახლოებით ორი-მესამედი ამოწყდა.

უცნობია, ზუსტად რამ გამოიწვია თითოეული დანაკარგი, მაგრამ თუ გავითვალისწინებ ამ რეგიონში ტემპერატურის დიდ რყევებსა და ძლიერ ვულკანურ აქტივობას, შესაძლებლობა მრავალია.

რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, გადაშენების შედეგად ღიად დარჩენილი ეკოლოგიური ნიშები ცარიელი დიდხანს არ ყოფილა.

„ძლიერ აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა გადაშენების უზარმაზარ მოვლენას, შემდეგ კი აღდგენის პერიოდს“, — ამბობს დიუკის უნივერსიტეტის ბიოლოგი სტივენ ჰერიტეიჯი.

ეოცენის პერიოდის ბოლოს, ოლიგოცენის პერიოდში გარდამავალ ხანაში მომხდარ კლიმატურ ცვლილებათა შესახებ ძირითადად ვიცით ოკეანის ფსკერიდან აღებულ დანალექთა ნიმუშებში ჟანგბადის იზოტოპთა ცვლილებების წყალობით.

ჩვენი პლანეტის, როგორც ერთი მთლიანი სხეულის ცვლილების ზოგად სურათს გვაძლევს ამ მონაცემთა დამთხვევა სხვა სხვა ცნობებთან, მაგალითად, ზღვის დონის მერყეობასთან და მყინვარების ზრდის მტკიცებულებებთან.

თუმცა, უფრო ადგილობრივ დონეზე ნიშნების ამოცნობა ძნელია და ძირითადად ემყარება მოდელირებას და ნამარხების დეტალურ კვლევებს.

ხმელეთიდან აღებული ნიმუშები შერეულ სურათს გვაძლევს და შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მიმდინარეობდა დებატები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა გლობალურ გაციებას გავლენა ეკვატორის სიახლოვეს მასებზე.

ერთი მხრივ, გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში გაქრნენ თანამედროვე ლემურების წინაპრები. მეორე მხრივ კი სხვა კვლევები მიუთითებს, რომ აფრიკამ მაშინ ცვლილებები საერთოდ არ განიცადა ან მხოლოდ მცირედით.

არასრულყოფილების გამო, ნამარხების საფუძველზე დასკვნების გამოტანა რთულია. სათანადოდ ყველა სახეობის ნამარხი არ ინახება, მაგრამ შესაფერისი ანალიტიკური ხელსაწყოების წყალობით, მკვლევრებს საკმაო რაოდენობის ინფორმაციის მიღება მაინც შეუძლიათ მხოლოდ რამდენიმე ძვლის საფუძველზე.

მკვლევრებმა მონაცემები ძუძუმწოვართა ხუთი ჯგუფის ნამარხებიდან შეაგროვეს, მათ შორის იყო მტაცებლები, სახელად ჰიენოდონტიდები, მღრღნელების ორი ჯგუფი, ციყვის მსგავსი არსებები და პრიმატების ორი ჯგუფი.

ამ ნიმუშების საფუძველზე, მკვლევრებმა შექმნეს ოჯახური ხე, რომელიც თითოეული მათგანის გამოჩენასა და გაქრობას ასახავს. ამის შემდეგ, სტატისტიკურმა ხელსაწყოებმა მკვლევრებს უკეთესი წარმოდგენა შეუქმნა იმის შესახებ, როდის იყო მოცემულ ზონებში გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებული დანაკარგები მნიშვნელოვანი.

მონათესავე ჯგუფებში მახასიათებელთა შესწავლის შედეგად, მკვლევრებს შეუძლიათ იმის დანახვაც, როგორ გამრავალფეროვანდნენ სახეობები გამქრალ ცხოველთა ადგილას გაჩენილი სიცარიელეების ამოსავსებად.

მაგალითისათვის ავიღოთ ცხოველის კბილები. გრძელი პერიოდის განმავლობაში მათ ფორმებში მომხდარ მცირე სხვაობებს შეუძლია გვითხრას, რამდენად სწრაფად მოერგო სახეობა საკვების ახალ, ბარაქიან წყაროს.

„კბილების მრავალფეროვნებაში დიდი დანაკარგები შეიმჩნევა, შემდეგ ჩანს აღდგენის პერიოდი კბილების ახალი ფორმებითა და ახალი ადაპტაციებით“, — ამბობს კვლევის ავტორი, სელფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი დორიენ დე ვრაისი.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა აღენიშნება ჩვენს წინაპარ პრიმატებს. 30 წლის წინანდელ ანთროპოიდთა (ადამიანის მსგავსი მაიმუნი) კბილების მრავალფეროვნება უეცრად მცირდება. თანაც იმდენად მძიმედ, რომ რჩება კბილის მორფოლოგიის მხოლოდ ერთი ტიპი, რამაც შეზღუდა საკვების ტიპები, რაც მათ შთამომავლებს შეეძლოთ ეჭამათ.

ასეთი დაბრკოლებები ევოლუციურ გზაზე ხშირია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ეპასუხება ამას სახეობა.

როგორც ჩანს, კბილების ასეთ ცვლილებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენი სახეობა არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ იცის, რა იქნებოდა.

„ეს გახლდათ ნამდვილი გადატვირთვის ღილაკი“, — ამბობს ვრაისი.

კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია duke.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი