დავით ზალკალიანი - ევროკავშირის წევრობა არის ოცნება, რომელსაც ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის წევრობა არის ოცნება, რომელსაც ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს

ბევრი მიზეზის გამო, საქართველო სახელდება მოწინავე ქვეყნად და წარმატების მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, საქართველომ მართლაც დიდ პროგრესს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე და ასევე 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგზე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ქართველი ხალხი მუდმივად მხარს უჭერდა და იცავდა დემოკრატიას, თავისუფლებასა და პროგრესს. მისი თქმით, ის ამოცანები, რომლებიც ქვეყანამ ამ სამი მიმართულებით დაისახა, რთულად მიღწევადი იქნებოდა ევროკავშირის დახმარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის გარეშე.

„ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ილუზიაა, ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნებას ჩემი ქვეყანა პროგრესისკენ მიჰყავს და მას უფრო თავისუფალს ხდის, მატებს ენერგიას და ძალას, რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ევროკავშირთან სექტორულ თანამშრომლობასა და პრაქტიკული და ფუნქციონალური კავშირების გაღრმავებას. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც მან საქართველოს მეირ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხთან დაკავშირებით მიიღო. ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის.

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია მართლაც არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ გზაზე საქართველოს მართლაც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები.

„ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი ამოცანაა, თანდათანობით დავუახლოვდეთ ევროკავშირს სტანდარტებს საკანონმდებლო, ეკონომიკური, საბაზრო ჰარმონიზაციის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს, თანამშრომლობა კიდევ უფრო წინ წავიწიოთ. მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. მიმაჩნია, რომ ახლა არის დრო იმისათვის, რომ გადავხედოთ წარსულს და გავაანალიზოთ როგორც წარმატებები, ასევე ხარვეზები და ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ წარმატების კონსოლიდაცია. აღმოსავლეთ პარტნიორობა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა, მისმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, საქართველო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე გადასულიყო. დღეს საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში და ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური დატვირთვა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნება ბათუმის კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წელს გაიმართება.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ურთულეს ვითარებაზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაციის პროცესში.

მისი განცხადებით, აფახაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაიქცნენ ადგილებად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და მოსახლეობა მუდმივად არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს.

„ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრდება ადამიანების სასტიკი წამებისა და მკვლელობის ფაქტებით, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მოსახლეობა გაყოფილია ხელოვნური ბარიერებით, ადგილობრივები მოკლებული არიან გადაადგილების, საკუთარ კარმიდამოებზე წვდომის უფლებას.

რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგები დაუძლეველი იქნა მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. ერთადერთი გზა პოზიტიური ძვრები მოვახდინოთ ადგილზე გახლავთ ის, რომ ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იდგეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხი. ამასთან, მივმართავთ ძალისხმევას ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისთვის. ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა სწორედ რომ ემსახურება ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში“ – განაცხადა ზალკალიანმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე უპასუხა ევროპარლამენტარების შეკითხვებს, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.