ბექა ოდიშარია - შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ქართული იდენტობის შენარჩუნებით
ბექა ოდიშარია - შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ქართული იდენტობის შენარჩუნებით

ვამაყობ, რომ საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუციას თავმჯდომარეობს ჩვენ მიერ არჩეული ჭეშმარიტი პატრიოტი, საკუთარი ქვეყნის მოყვარული და ამასთან მოყვარული ყველაფრის, რაც ქართულია, დაწყებული რწმენიდან, გაგრძელებული ოჯახით, ხალხით, მშობლიური მიწით და დასრულებული ქართული კულტურით, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ბექა ოდიშარიამ საპარლამენტო ოპოზიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაც ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

„მსგავსი ოპოზიცია არსად მინახავს, უფრო სწორად, ოპოზიციად წოდებული ასეთი რადიკალური ძალები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, წარმოადგენენ ტირანიის სიმბოლოს. შალვა პაპუაშვილი ამ პირობებშიც კი ახერხებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და კონსტრუქციულობის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, მავნე წინაღობის მიუხედავად, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი ინტენსიურად მუშაობდნენ და ასეთივე აქტიურობით განაგრძობენ მუშაობას ცხრა დათქმასთან მიმართებით.

„პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილია პლატფორმები, სადაც ფართოდ არის კარი ღია, მათ შორის, მავნებელი ოპოზიციისთვის. მან დღეს ამ ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატობა ჩვენი და ქართველი ხალხის თვითმიზანი არ არის. შესასრულებელია განსაკუთრებული ეროვნული მისია, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები მხოლოდ ღირსებით, ქართული იდენტობის შენარჩუნებით და არა ისე, როგორც ამას მოგვიწოდებს არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომელსაც თავი მოაქვს ამ ქვეყნის პაპა ციციკორეებად და მეპატრონეებად“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში შევა ფართოდ გაღებული კარიდან.

„მე მჯერა თქვენი, ბატონო შალვა, მჯერა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და თქვენი ძლიერი ტანდემის, რომელიც თქვენ და ჩვენ მიერ ხსენებულ ეროვნულ მისიას შეგვასრულებინებს ღვთისა და ერის წინაშე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ, რომელმაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის აქტივობები შეახსენა ოპოზიციას.