დავით სერგეენკო - სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია, გასაგებია, რომ მაღალი ინტერესია ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუმცა შემოთვლით საქმე არ კეთდება, პარლამენტში უნდა იყოს განხილვა
დავით სერგეენკო - სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია, გასაგებია, რომ მაღალი ინტერესია ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუმცა შემოთვლით საქმე არ კეთდება, პარლამენტში უნდა იყოს განხილვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედია და აბსოლუტურად გასაგებია, რომ ამ მიმართულებით მაღალი ინტერესია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თუმცა, სერგეენკო მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე არგუმენტების გასაცვლელად უფრო სწორი იქნება პარლამენტში მსჯელობა, ვიდრე შემოთვლით საუბარი.

„სასამართლო სისტემა უდავოდ სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველი და ქვაკუთხედია. აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ამაზე მაღალი ინტერესია ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩემი შეხედულებით, მაინც პარლამენტია ყველაზე უფრო სწორი ადგილი იმისთვის, რომ არგუმენტები საჯაროდ გაიცვალოს, შეჯერდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება სამართლიანი და სწორი. მაქვს შთაბეჭდილება, რომ ასე შემოთვლით და მოძახილით საქმე არ კეთდება, აქ უნდა იყოს ამ ყველაფრის განხილვა.

მედიიდან ხშირად გამიგია სასამართლო სისტემაზე დეფინიცია – კლანი, კლანი, კლანი, მაგრამ არც ერთხელ შევხვედრივარ ან სიმპტომები არ მინახავს, რომ ეს რეალურად არსებობს. არ შეიძლება, ასეთ ფუნდამენტურ საკითხზე შემოთვლით მსჯელობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე უნდა აირჩიონ. ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროა დაპაუზება. ასევე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.