პარლამენტის საპროცედურო საკითხთ კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთ კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. მანამდე კი დავით სერგეენკოსათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის წევრებმა დავით სერგეენკოს განცხადება დააკმაყოფილეს, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს 27 ოქტომბერს მიმართა.

„ბატონმა დავითმა მოგვმართა შესაბამისი განცხადებით. გამომდინარე აქედან, ჩვენ დღეს ვიხილავთ ამ საკითხს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2023 წლის 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოსათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლის, მესამე პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სერგეენკოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის 2023 წლის 27 ოქტომბრის წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. კომიტეტს მიაჩნია, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის, მეხუთე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის მეექვსე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს, დავით სერგეენკოს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.