დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი მენაბდის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ასევე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე.
დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე აპრილში დააკავეს და მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ადვოკატ დავით დადიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი ბარბაქაძის ჩვენებაა, რომელმაც საგამოძიებო უწყებას რამდენიმე წლის შემდეგ განსხვავებული ჩვენება მისცა.
„პოზიცია იგივე მაქვს, რაც დასაწყისში. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიც არ კმაყოფილდება. მტკიცებულებები უნდა წარვადგინოთ და საკმაოდ ვრცელი სიაა იმისა, რასაც წარვადგენთ. მტკიცებულებები იგივეა, რაც თავიდანვე იყო წარმოდგენილი. მიმაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი სტანდარტი, რათა მენაბდე პატიმრობაში დარჩეს. ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და უნდა შეწყდეს მის მიმართ დევნა. რეალურად, ერთი მტკიცებულებაა და ხელმოსაჭიდი არაფერია“, – განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.